დავიწყება უბრალო სიტყვაა, 
ადვილად სათქმელი: 
დაივიწყე. 
ჰკითხეთ თვალებს: 
შეუძლიათ უკანვე ჩაიბრუნონ, რაც დაინახეს? 
ნუ დაიჯერებთ რომ დრო მკურნალია. 
ტანსაცმელი ასე იშორებს ლაქებს – 
რეცხვიდან რეცხვამდე იცრიცება, 
თითქოს ქრება. 
მეხსიერება უფრო ვერაგია – 
რასაც ივიწყებს, იმასაც ინახავს. 
გაქცევა ვერ გიშველის 
თუკი  გზაც მდინარეა – 
ჩრდილების და აჩრდილების. 
დუმილიც მკვლელია, 
სიცოცხლის ხმები მიაქვს 
და 
მარტოობაც მატყუარა, 
თუკი ცდილობს დაგაჯეროს, 
რომ გადარჩა. 
 
ნატო ინგოროყვა
		
						მომწონს
			
			 კომენტარი 		
	
					 გაზიარება				
						
				 0 
			
									