საშინელებაა, როდესაც ცოლ-ქმრის ან შეყვარებულების ურთიერთობაში გარეშე პირები ერევიან (ამ შემთხვევაში ორი ადამიანის გარდა ყველა გარეშე პირია) , მსჯელობენ მათ პირადულ პრობლემებზე, რჩევებს იძლევიან ის ასე უნდა ქნათ, ეს ასე და ა.შ.
სწორედ ეს ჩარევები იწვევს უფრო მწვავე და ფატალურ პრობლემებს, თუმცა ამაზე ბევრად დიდი საშინელებაა, როდესაც თვითონ ცოლი ან ქმარი ან ერთ-ერთი შეყვარებული ასაჯაროვებს, ა-სხვათა-შორისებს პირად პრობლემებს, მით უფრო, როდესაც ეს მის მეორე ნახევარს ეხება
საშინელებაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ერთარსებად უნდა მოიაზრებოდნენ, თავიანთი მეორე ნახევრისა თუ ერთი მთელის შეცდომების შესახებ სხვებს უყვებიან, მით უფრო, როდესაც ეს სხვები მართლა სხვები არიან.
ვფიქრობ, სადაც სიყვარულია, ორი ადამიანი თავად გაუმკლავდება ისეთ პრობლემებს, რომლებსაც შეიძლება მთელმა კაცობრიობამ ძვრა ვერ უყოს!
და მაინც თუ ვერ გაუმკლავდებიან, ერთმანეთს კი არ გადააბრალებენ და ყველას კი არ უამბობენ, რა დააშავა და რა შესცოდა მისმა საყვარელმა, სხვების გასარჩევ-განსაკითხად კი არ აქცევენ, არამედ თავიანთ თავზე აიღებენ მისი ცოდვებს და დაფარავენ მის შეცდომებს.
სადაც სრულყოფილი სიყვარულია, იქ ასე ხდება.
სიყვარული ასეთია, სხვა გზას არ გიტოვებს, ვერ ისაუბრებ შენს შეყვარებულზე ცუდად, როგორ ცუდადაც არ უნდა მოგექცეს, მით უმეტეს საჯაროდ, სხვებთან.
ასეთ რამეს რომ წავაწყდები ხოლმე, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს ის ერთი და როგორი მართალი ის მეორე მაინც მეპარება მის მართალ სიყვარულში ეჭვი, როდესაც თავისი საყვარელი ადამიანის ცოდვებსა და შეცდომებს სხვების საჯიჯგნად და გასარჩევად მიაგდებს.
თორნიკე ნაროზაული