178 ნახვა

ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი

როგორც ყველა პატარას ოცნებაა ექიმობა, ეს პროფესია ჩემთვისაც საოცნებო იყო, როგორც მე მეხმარებოდნენ ექიმები პატარაობისას, ასე მინდოდა მეც გამეწვდინა სხვა ბავშვებისთვის დახმარების ხელი და არც მეტი არც ნაკლები საკუთარ თავს მომავალში პედიატრის ამპლუაში წარმოვიდგენდი...

მეგონა შევძლებდი...

ეჰ...

რამდენი რამ მეგონა ბავშვობაში...

ჰო...

ასეა, ზოგჯერ სამყარო მეტისმეტად მკაცრადაა განწყობილი უმწეო, უსუსური არსებების მიმართ...

ზოგჯერ ზედმეტად მწარე გამოცდას გვიწყობს ცხოვრება, მაგრამ, იმედს არასდროს ვკარგავ და ჯიუტად ვეწინააღმდეგები მის „სიურპრიზებს“, რადგან ვიცი ყოველ დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება...

თამამად ვირგებ უშიშარი გოგოს ამპლუას და ეს მმატებს სულის სიმტკიცეს... 

მაძლიერებს...

ცხოვრების წესიც ხომ ესაა, რაც უფრო მეტის მოთმენა შეგიძლია, მით უფრო ძლიერდები და შუპოვარი ხდები - ძლიერებს კი არასდროს არაფრის ეშინიათ და ამ უშიშარი არსების ყოფნამ ჩემს ქვეცნობიერში გადამაწყვეტინა მიმდინარე პროფესიის არჩევა...

ყოველი კოშმარული სიბნელის მერე მზე ამოდის... ცხოვრების მწარე გამოცდილებებმა და გულში ვერ დატეულმა ტკივილიანმა არსებობამ მიბიძგა სათქმელის მხატვრულად გადმოცემაში...

არ ვიცი, ეს ნიჭია თუ გაფრენა, 

რომ შემიძლია ამდენის დათმენა...

გარშემომყოფები ყოველ წუთას მახსენებდნენ და ახლაც მახსენებენ, რომ ჩვენი პატარა მწვანე პლანეტა ჩემნაირებისთვის არ არის შექმნილი, მე ზედმეტი ვარ, უცხო, ვიცოდი, რომ ნამდვილი უბედური და უიღბლო ვარ ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო და მთელი ძალით ვცდილობდი შევერთებოდი ჯანმრთელთა და ბედნიერთა მეგობრულ ოჯახს, სწორედ ამ სურვილების დაუოკებელი ჟინით და წუთისოფელში თავის დამკვიდრების მიზნით ავირჩიე პროფესია: ჟურნალისტიკა, რომელიც, ვფიქრობ, ის სფეროა, რომელსაც ბევრი რამის მოცემა შეუძლია და კარიერის აწყობაში დამეხმარება...

ვიცი, რთულია...

ვიცი, გამიჭირდება...

გარშემომყოფების სკეპტიკური განწყობაც გააზრებული მაქვს, მაინც ჯიუტად მსურს შევუერთდე ჟურნალისტთა საზოგადოებას, რომელსაც ამ პროფესიის დახმარებით ბევრი ინსტრუმენტი გააჩნია იმისათვის, რომ ადამიანებს შეხვდეს, გაესაუბროს, მხარში ამოუდგეს, გზა უპოვოს ან აპოვნინოს და იმ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, რომელიც ერთი შეხედვით მოგვარებადი არაა. თან! თანამედროვე ჟურნალისტურმა ტექნოლოგიებმა, ციფრულმა მედიამ მე მაპოვნინა ჩემი ნიშა, ვესაუბრო მთელი სამყაროს ადამიანებს ონლაინ, ინტერნეტის დახმარებით და როგორც ჩოხელი წერს ერთგან -მათი დარდები სანუგეშებლად ვაგროვო არა მარტო სახლს გარეთ, არამედ, სახლშიც, ჩემს გაჯეტებთან. მგონი ძალიან ხმაურიანი არ იქნება ჩემი ფიქრი, რომ ამ პროფესიამ მე ჩემი თავი და ადგილი მაპოვნინა და გამიჩინა მოტივაცია, იგივეში დავეხმარო სხვებს...

ავტორი

მარიკა ბიგვავა

1 ბლოგი პოსტი