203 ნახვა

თვალების ირგვლივ კანის მოვლა

თვალის გარშემო კანი ნაზი და სათუთია, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც თქვენივე ხელით, მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ:

 

კურკუმას ნიღაბი – მომენტალურად ხსნის თვალების ქვეშ შავ წრეებს და შეშუპებას.

დაგჭირდებათ: 0,5 სადილის კოვზი კურკუმა, 1 სადილის კოვზი სოდა, 2 წვეთი ლიმონის წვენი.
ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენი ტონიკით ან წყლით ჩაანაცვლეთ. წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთით. დაიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ პროცედურა 3 დღეში ერთხელ. გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მალევე შეამჩნევთ. წვრილი ნაოჭები და შავი ლაქები სრულიად გაქრება, კანი გაღიავდება.

ბანანის ნიღაბი – აქტიურად ებრძვის თვალის გარშემო გაჩენილ ნაოჭებს.

დაგჭირდებათ: ბანანი, ნაღების კარაქი.
გასრისეთ ბანანი და აიღეთ ერთი სადილის კოვზი რბილობი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზ გამთბარ ნაღების კარაქს. მიღებული მასა, შეიზილეთ თვალების ირგვლივ, გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ.

შვრიის ნიღაბი: კარგი საშუალებაა თვალების ირგვლივ დამჭკნარი კანისთვის.

დაგჭირდებათ: შვრიის ფანტელი, ნაღები.
აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი შვრიის ფანტელი, დააქუცმაცეთ, დაასხით ცხელი რძე ან, უკეთესია, ცხიმიანი ცხელი ნაღები. როდესაც შვრია გადიდდება, თბილი დაიდეთ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

ოხრახუშის ნიღაბი:

დაგჭირდებათ: არაჟანი, ოხრახუში.
2 ჩაის კოვზ არაჟანს, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დანაყილი ოხრახუში. წაისვით თვალის გარშემო, ზემოდან დაიფინეთ სველი, გაწურული ბამბის ტამპონები. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასევე, შეგიძლიათ, შეურიოთ 10 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ცოტა დარბილებულ კარაქს და შეიზილეთ თვალის გარშემო.

კარტოფილის ნიღაბი:

დაგჭირდებათ: კანიანად მოხარშული კარტოფილი.
კვებავს თვალის გარშემო კანს და აქრობს სიმუქეებს. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. შეაგრილეთ, გაჭერით ორად, თბილი დაიდეთ თვალებზე და გაიჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში. ასევე, შეგიძლიათ, 2 ჩაის კოვზ გახეხილ უმ კარტოფილს შეურიოთ 1 სადილის კოვზი რძე, 2 სადილის კოვზი ფქვილი. დაიდეთ თვალის გარშემო და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

თაფლის ნიღაბი:

დაგჭირდებათ: თაფლი, კვერცხის გული.
თაფლი და კვერცხის გული შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით თვალის გარშემო. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი. ასევე, შეგიძლიათ, შეურიოთ 1 კოვზი თაფლი 2 კოვზ ხაჭოს, დაამატოთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და 1 კოვზი ნაღები. წაისვათ თვალის გარშემო, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

თვალის გარშემო კანს, ასევე, უხდება ხილის ნიღბები. მწიფე ატმის, მარწყვის. ბანანის რბილობს დაამატეთ 1-2 კოვზი არაჟანი, რძე ან ნაღები. წაისვით თვალის გარშემო კანზე, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

თუ თვალები ხშირად გეღლებათ, მაშინ უმჯობესია, კომპრესები გაიკეთოთ?:

კიტრის კომპრესი: კიტრს მოაჭერით 2 თხელი მრგვალი ნაჭერი და დაიდეთ თვალებზე, 15 წუთის განმავლობაში. მოგეხსნებათ დაღლილობა, ქუთუთოებიდან კი მოგშორდებათ დაძაბულობის ნაკვალევი.

სტაფილოს კომპრესი: სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ ერთი კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი სახამებელი. ნიღაბი დაიდეთ თვალების ირგვლივ და დაწექით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თვალის დამატენიანებელი კრემი.

ჩაის კომპრესი: აიღეთ ნებისმიერი შავი ჩაის პაკეტები, მოათავსეთ თბილ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე რამდენიმე წუთით. როდესაც პაკეტები შეშრება, ისევ ჩადეთ თბილ წყალში და ისევ დაიდეთ. ჩაის კომპრესი ატენიანებს კანს თვალების ირგვლივ, ხსნის ქუთუთოებიდან გაღიზიანების, ასევე, ამცირებს დასიებას და ჩაშავებას.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი