რუსთაველის გამზირიდან 1991 წლის 28 დეკემბერს გასროლილმა ბრმა ტყვიამ ერთი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ რუსთავში 17 წლის ულამაზესი მოცეკვავის ირმა დუნდუას გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსთავის მოცეკვავესა და ირმას მომავალ მეუღლეს დევი ქუთათელაძეს.
ირმასა და დევიკოს ურთიერთობა ანსამბლში დაიწყო. ორივე ჩვენთან ცეკვავდა. ჯერ დევიკო მოვიდა, შემდეგ ირმა... - იხსენებს ანსამბლ რუსთავის ყოფილი დირექტორი ალეკო ლორთქიფანიძე, - ეს იყო ულამაზესი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც ძმათამკვლელმა ომმა სრულიად გაანადგურა.
ირმას გარეგნობითა და ცეკვით მოხიბლული უცხოელები, მას ხან ფაიფურის თოჯინას ეძახდნენ, ხან კოლხეთის ულამაზეს ასულს.
ირმას და დევის ისტორიას ირმას და, მანანა დუნდუა გვიამბობს:
ირმა მორიდებული, სათნო და ჭკვიანი გოგონა იყო... მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა - თითქოს მისი მშვენიერი სულის გამოძახილი. რუსთავში რომ მივიდა, მისით ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილი მოიხიბლა, მაგრამ მომავალი ქმარი ყველაზე უფრო აქტიური აღმოჩნდა. ირმას ქმრის მიმართ იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა, რომ მხოლოდ მის დადებით თვისებებს ხედავდა... მალე ბიჭი ეყოლათ და მეუღლემ მამის სახელი ვიტალი დაარქვა. როცა ეს უბედურება მოხდა, ვიტალი 7 წლის იყო.
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?
დევის მეგობარს, რომელიც რაიონში ცხოვრობდა, ბენზინის ავზი აუფეთქდა და დამწვრობის ცენტრში ჩამოიყვანეს. ირმა ამ ადამიანს არ იცნობდა, მაგრამ მის სანახავად ქმარს საავადმყოფოში მაინც გაჰყვა და შვიდი წლის ვიტალი მე დამიტოვა. ამ დროს 1991 წლის 28 დეკემბერი იყო და თბილისში ომი მძვინვარებდა. დევის მეგობარს თავზე ცოლი ედგა. ის გოგონა მარტო რომ არ ყოფილიყო, ჩემმა სიძემ ირმა საავადმყოფოში დატოვა და მოგვიანებით, სახლში წამოსაყვანად უკვე ბავშვთან ერთად მიაკითხა. საავადმყოფოს შენობას პატარა აივანი ჰქონია, საიდანაც რუსთაველის გამზირი კარგად ჩანდა. ჩემს სიძეს ცოლიც და შვილიც აივანზე გამოუყვანია - ნახეთ, ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეულიო, თან ამ დროს ირმასთვის ხელი ჰქონია გადახვეული. სწორედ ამ მომენტში რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია ბავშვის თავსა და ჩემი სიძის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა. ტყვია იმდენად შორიდან იყო ნასროლი, რომ გასროლის ხმაც არ ყოფილა. მხოლოდ ირმას შეკივლება - მგონი, მომკლესო... ჩემი და ადგილზე დატრიალებულა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავსო და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაკეცილა... იქვე შეუყვანიათ რეანიმაციაში, მაგრამ კარდიოლოგი ადგილზე არ აღმოჩნდა. მორიგე ექიმს თავისი ხელით ჩაუსვამს მანქანაში და არამიანცის საავადმყოფოში წაუყვანია, მაგრამ გზაში გული გაუჩერდა...
მაშინ ამ ტრაგედიაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში დევი ქუთათელაძე ჰყვებოდა, რომ ირმას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების სურვილი დაკარგა...
და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა... ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა საყვარელი ადამიანი თვალწინ გიკვდება...
ახლაც, რომ ვყვები, ყველაფერი განმიახლდა, თუმცა შევეცდები, ყველაფერი ბოლომდე გიამბოთ...
ირმას სიკვდილის შემდეგ ბავშვს ვეუბნებოდით, რომ დედა საავადმყოფოში მოარჩინეს და გასტროლებზე ამერიკაში წავიდა. ვიტალი დედას თვეების მანძილზე ელოდებოდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მიხვდა...
ჩემი სიძე გამუდმებით დეპრესიაში იყო. ერთხელაც, ბავშვთან ერთად მოსკოვში წასვლა და იქ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. მოსკოვში საქმე მართლაც ააწყო, მაგრამ იმდენი დრო აღარ რჩებოდა, რომ შვილისთვის ყურადღება მიექცია და ამაზე ძალიან ვნერვიულობდით. მე და დედაჩემმა ვთხოვეთ, რომ ბავშვი თბილისში ჩამოეყვანა.
ასეც მოხდა. მერე კი ვიტალი სასწავლებლად ლონდონში გავაგზავნეთ - იქ ჩემი ქალიშვილი სწავლობდა და ერთად იყვნენ. ერთხელაც არდადეგებზე ჩამოვიდნენ. ვიტალი მამას მონატრებული იყო და მოსკოვში გავუშვით, ჩემი შვილიც თან ახლდა. 1999 წლის ზაფხული იყო. ამ დროს ჩემი ქალიშვილი 19 წლის იყო, ვიტალი კი 15-ის ხდებოდა. ჩვენდა საუბედუროდ, იმ ზაფხულს მოსკოვში საშინელი სიცხეები იდგა, ამიტომ დევიკომ ბავშვები გასაგრილებლად და კატერით სასეირნოდ მოსკოვთან ახლოს მდებარე წყალსაცავზე წაიყვანა. სამწუხაროდ, ვერავინ შეამჩნია, რომ კატერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მართავდა. ბავშვები კატერში ჩამსხდარან, ჩემი სიძე კი იმავე ნავს წყლის თხილამურებით ჩაბმია. ჩემი შვილი და დისშვილი დევიკოსკენ იყურებოდნენ, როცა ნავი დიდ ტურისტულ გემს შეეჯახა. ჩემი სიძე ხედავდა, რომ ნავი გემს ეჯახებოდა და ყვიროდა, მაგრამ ძრავის ხმაურში ვერ გაიგეს. ბავშვები წყალში ჩაცვივდნენ. ორივე გემის პროპელერმა ჩაითრია. ჩემს შვილს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ფეხის თითების ფალანგები დამსხვრეული, მაგრამ, როგორღაც, ზემოთ ამოსვლა მოახერხა. ჩემი დისშვილი კი ერთი კვირა ეძებეს...
როგორც ვიცი, დედათქვენი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ირმას შვილის სიკვდილი არ გაუგია...
დედას ვიტალის ამბავი სიკვდილის წინ ვუთხარი, 87 წლის მამამ კი დღესაც არ იცის. ირმას სიკვდილის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი გაუჩნდა და მხედველობა დაკარგა. ფაქტობრივად, ორივე ირმას ამბავს ემსხვერპლა...
ვიტალის სიკვდილის ამბავს შვილსაც ვუმალავდი. მოსკოვიდან საკაცით ჩამოყვანის შემდეგ ორი თვე საავადმყოფოში იწვა და ამხელა ტრავმის გადატანა გაუჭირდებოდა. და-ძმასავით იზრდებოდნენ და სულ ვიტალის კითხულობდა. იძულებული ვიყავი, მეთამაშა... პანაშვიდის შემდეგ შავ ტანსაცმელს ვიხდიდი და საავადმყოფოში წასვლის წინ ფერადებს ვიცვამდი, რომ შვილი ვერაფერს მიმხვდარიყო. ცოტა რომ გამომჯობინდა, ვიტალის სიკვდილი მერე გავუმხილე.
თქვენს სიძეს ცოლი აღარ მოუყვანია და ბოლომდე მარტო დარჩა?
ამ ადამიანმა თავისი თვალით ნახა მეუღლისა და შვილის სიკვდილი, რისი გადატანა ძალიან ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა. ცოლი აღარ ჰყოლია.
ამ უბედურებების მერე ბინა გაყიდა და მეუღლისა და შვილის სახელზე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესია ააშენა. ეკლესიის შესასვლელში ჩემი დისა და დისშვილის სახეები დაახატვინა. სიძემ მაშინ ირმას ყველა სურათი გამომართვა, რომ ხატმწერისთვის ეჩვენებინა. ორი თვის წინ კი მესამე უბედური შემთხვევა მოხდა, რომელმაც ეს საბედისწერო ჯაჭვი შეკრა. დევის ავლაბარში პატარა ბინა ჰქონდა, ერთ დღეს ბინაში ხანძარი გაჩნდა, დევიმ ცეცხლის ჩაქრობა სცადა, თუმცა ვერ გაუმკლავდა და ამ ხანძარმა შეიწირა. იქ დაიწვა ჩემი დის ყველა ფოტოც. დევიკო 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, ირმა 25 წლის იყო, მათი შვილი კი - 15 წლის ხდებოდა.
Goga Gogilashvili 35 კვირა
😪