236 ნახვა

რა არის მიზეზი სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის

ნებისმიერ საუკუნეში ცხოვრებას საკუთარი დამახასიათებელი პრობლემები ჰქონდა.
XXI საუკუნეში ცხოვრებისათვის თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში რიგი პრობლემებია დამახასიათებელი, მათ შორის კი, ძალზე აქტუალურია სოციალურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც სულ უფრო მეტად იკვეთება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა, რომელიც აქტუალობას დღითიდღე იძენს და მეტად მტკინვეული საკითხია. იმის უკეთ გასაგებად, თუ რატომაა აღნიშნული საკითხი მტკინვეული, განვმარტოთ ტერმინი “სოციალური ურთიერთობა”. სოციალურ მეცნიერებაში, სოციალური ურთიერთობა თუ სოციალური ინტერაქცია არის ნებისმიერი სახის ურთიერთობა ორ ან მეტ ინდივიდს შორის.
თუ აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ადამიანი თავისთავადი მოცემულობით არის სოციალური არსება, არაა ძნელი იმის წარმოდგენა, რომ პიროვნებათაშორისი ურთიერთობების გარეშე ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება მეტად რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, რადგან ადამიანის ცხოვრებიდან ამ მნიშვნელოვანი რგოლის ამოგლეჯის შემდეგ ინდივიდი სუსტი და უმწეოა, გაწყვეტილი აქვს კავშირი გარემოსთან. აქვე იკვეთება სოციალური ურთიერთობების ვირტუალურ სამყაროში გადატანის აქტუალურობა. ბევრს მიაჩნია, რომ ვირტუალური ურთიერთობები საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ინტერაქციის ფასეულობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელები არ არის სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის მიზეზი, უბრალოდ სახეცვლილი სოციალური ინტერაქციაა. მაშ, რაშია საქმე? რატომ გვესახება სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა პრობლემად? არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები?
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური ურთიერთობა ასახავს ურთიერთდამოკიდებულ ქმედებებს ორ ან მეტ ინდივიდს შორის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ინდივიდები დადებითად უნდა აფასებდნენ ერთმანეთს და გრძნობდნენ გარკვეულ მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ, თუ სურთ, რომ სწორი და ეფექტური იყოს მოცემული სოციალური ურთიერთობა. ანთროპოლოგებმა, ეთნოლოგებმა, ისტორიკოსებმა, სოციოლოგებმა და სოციალურმა ფსიქოლოგებმა შეძლეს უფრო მეტი ფაქტორული მასალის მოპოვება სოციალურ ურთიერთობებზე, ვიდრე სხვა კომპლექსურ სოციალურ სისტემებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სოციალური ურთიერთობების, როგორც სოციალური ფენომენის არსებობას. საინტერესო ფაქტია, რომ სოციალური ურთიერთობები ნებისმიერ საზოგადოებაშია, მათ გარეშე ხომ საზოგადოება ვერც ფორმირდებოდა. ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ადამიანის განვითარება და სოციალური ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, პერსონალური და სოციალური ცვლილებები ხომ ურთიერთდამოკიდებულია და ხშირად ერთმანეთის ეფექტურობას განაპირობებს.

სოციალური ურთიერთობები უნდა განიხილებოდეს ორ დონეზე: ინდივიდუალურ და თანამედროვე სოციალური სისტემების დონეზე, იმ გაგებით, რომ არ შეიძლება აღნიშნული საკითხის მხოლოდ ერთი დისციპლინის ფარგლებში განხილვა, არამედ, უნდა გაერთიანდეს ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია და ფილოსოფია. სოციალური საკითხებისა და პრობლემების განხილვისას, მათი სირთულიდან გამომდინარე, თუ ისინი ინტეგრირებულნი იქნებიან სხვადასხვა დისციპლინებში, საზოგადოების კომპლექსურად დანახვა იქნება შესაძლებელი.

სოციალური ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემის დანახვაში დაგვეხმარება ლარი ლა ვოიესა და დეივიდ ა. კენის მიერ განვითარებული სოციალური ურთიერთობების მოდელი. ამ მოდელში, განცდა, რომელიც აღმქმელს აქვს სამიზნისგან, დაყოფილია სამ კომპონენტად: აღმქმელი, სამიზნე და ურთიერთობა. აღმქმელი ასახავს შედეგებს, თუ როგორ აპირებს პიროვნება დაინახოს სხვები; სამიზნე ასახავს შედეგებს, თუ როგორ აღიქმება მოცემული პიროვნება სხვების მიერ; ურთიერთობა კი იმ შედეგებს ასახავს, თუ როგორ ხედავს აღმქმელი სამიზნეს. ეს კომპონენტები გამოიყენება ინტერპერსონალური გაგების ცხრა ძირითადი საკითხის განხილვისას. ეს საკითხებია:

1. ასიმილაცია

2. შეთანხმებულობა

3. უნიკალურობა, განსაკუთრებულობა

4. თანაზიარობა

5. მიზნის (მიზნობრიობის სიზუსტე) სიზუსტე

6. მეტა სიზუსტე

7. სავარაუდო თანაზიარობა

8. მე-სხვა თანხმობა

9. სავარაუდო მსგავსება

ინტერპერსონალური გაგების მოცემულ კომპონენტებს თუ გადავხედავთ და თითოეულ მათგანს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ გარეშე სოციალური ინტერაქცია უბრალოდ ვერ შედგება, მათი არარსებობა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას უშლის ხელს და, შესაბამისად, ადამიანი ინდივიდად არსებობას წყვეტს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი საფრთხე თუ პრობლემა, რომელიც სოციალური ურთიერთობების ნაკლებობითაა გამოწვეული, ადამიანის არსებობის შეწყვეტაა. თუ ადამიანი სოციუმთან კავშირს წყვეტს, იგი განიცდის ძლიერ სიცარიელესა და სიმარტოვეს, თუ ადამიანს არ იღებს სოციალური გარემო, ანუ სოციალური არსება ვერ ცხოვრობს სასიცოცხლო გარემოში, უდავოა, რომ ის კვდება, თუმცა არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, რაც ფიზიკურ სიკვდილზე უარესია. მაშასადამე, ცხადია, თუ რატომაა სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა პრობლემა.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი