389 ნახვა

დედის შესახებ არსებული საინტერესო, დაუჯერებელი ფაქტები

საქართველოში, ხევში ერთი უცნობი ქალის საფლავზე ასეთი წარწერაა: „ჩვენ ჩვიდმეტი დედმამიშვილი ვიყავით, მე 13 შვილი გავუზარდე ქვეყანას, შენ?"

ყველაზე მრავალშვილიანი დედა აშშ-ის ქალაქ სან-ანტონიოში მცხოვრები ლეონტინა ალბინააა, რომელმაც 69 შვილი გააჩინა. 1943-81 წლებში მას 55 ბავშვი შეეძინა. საინტერესოა, რომ პირველი ხუთი ფეხმძიმობის მანძილზე მხოლოდ მამრობითი სქესის ტყუპები უჩნდებოდა.

„დედის დღე“ გერმანიაში 1923 წლიდან აღინიშნება და ის ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებული ადამიანების ინიციატივით დაარსდა. საერთოდ კი ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს ანტიკურ საბერძნეთში იღებს.

საქართველოში „დედის დღე“ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. მისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წელს დაამტკიცა.

ყველაზე ასაკოვანი დედა როზანა დალა კორტაა იტალიის ქალაქ ვიტერბოდან, მან 1994 წლის 18 ივლისს 63 წლის ასაკში გააჩინა ბიჭი, მაგრამ მანამდე უშვილობის სრული კურსი გაიარა.

ვაჟა-ფშაველას აზრით, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა დედამ ბავშვობაში მისი გული და გონება. ამიტომ ყოველი დედა უნდა იყოს განათლებული და განვითარებული, რათა ოჯახში და გარეთ, საზოგადოებაში მხოლოდ კეთილი თესოს. „დედას შეუძლია ერი კიდეც დაამხოს და კიდეც აღადგინოს“, — წერს ვაჟა.

ცხრა თვის მანძილზე ქალი მუცლით ატარებს ნაყოფს, შემდეგ, როცა ბავშვი იბადება, ბებიაქალი მას ჭიპლარს აჭრის, მაგრამ მათ შორის არსებული ფიზიკური კავშირი მაინც არ წყდება. ფეხმძიმობის პერიოდში დედისა და ჩვილის ნაყოფის ორგანიზმებში პლაცენტის საშუალებით უჯრედების გაცვლა ხდება, ზოგჯერ ეს უჯრედები დედის ორგანიზმში დიდხანს რჩება. ამერიკის ტაფტსის უნივერსიტეტის ექიმმა დიანა ბიანკიმ, ამგვარი გამოკვლევის შემდეგ ერთი დედის ორგანიზმში მისი 27 წლის ვაჟის უჯრედები აღმოაჩინა…

როგორც 2011 წელს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, დედობა ქალის გონებასაც ცვლის. ფეხმძიმობამ შეიძლება მის ტვინში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. სკანირებამ გამოავლინა, რომ ქალის ტვინი მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ დიდი რაოდენობით რუხ ნივთიერებას შეიცავს.

პენსილვანიის შტატის მცხოვრებ პეგი ლინის შვილი, გოგონა 1995 წლის 11 ნოემბერს შეეძინა, მისი ტყუპისცალი ბიჭი კი მხოლოდ 84 დღის შემდეგ გააჩინა.

ცნობილია, რომ ჯეკ ნიკოლსონის უფროსი და სინამდვილეში მისი დედაა და მსახიობს ვინც დედ-მამა ეგონა, ისინი მისი ბებია-ბაბუა იყვნენ. ამგვარი რამ ოჯახმა იმ მოსაზრებით გააკეთა, რომ ნიკოლსონის დედას მოცეკვავის კარიერის გაგრძელების საშუალება ჰქონოდა.

ყველაზე დიდი ახალშობილი 1995 წელს იტალიაში გაჩნდა. ის 10 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდა. ყველაზე მცირე წონის ბავშვის რეკორდი მოხსნა მაიამიში მცხოვრები ამალია ტეილორის ახალშობილმა, რომელიც 284 გრამს იწონიდა და სულ 24 სანტიმეტრი იყო. იგი დედამ ფეხმძიმობის 22-ე კვირას გააჩინა.

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბებია რუმინელი რიფკა სტანესკუ გახდა. ამ დროს ის მხოლოდ 23 წლის იყო. 11 წლის ასაკში ის თავის რჩეულთან ერთად სახლიდან გაიქცა და მალე შვილი შეეძინა. საოცარი ისაა, რომ დედის ბედი რიფკის ქალიშვილმაც გაიმეორა და ისიც 11 წლის ასაკში გათხოვდა. ნახევარი წლის მერე მასაც შეეძინა შვილი.

ფროიდის აზრით: ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, მოზრდილ ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ ოპტიმიზმი ახასიათებთ და წარმატებასაც ადვილად აღწევენ.

თავის დროზე მომღერალმა ელვის პრესლიმ დედას დიდი ხნის ოცნება შეუსრულა და მას ვარდისფერი,,კადილაკ-ფლიტვუდი-60“ უყიდა.

დამეთანხმებით, დედისთვის ვარდისფერი კადილაკის ყიდვის საშუალება და სურვილი მსოფლიოში არც ისე ბევრ შვილს აქვს, მაგრამ ამ დღეს უკლებლივ ყველას შეგვიძლია მას ცხოვრებაში მთავარი სიტყვები ვუთხრათ და თუნდაც ერთი კონა ია მივართვათ…

sputnik-georgia.com

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი