პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი:
„გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე მოსვლას, პირიქით - თქვა, რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა.
რაც შეეხება იმას, ჩართვის შემთვევაში ეცდება თუ არა, გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ., მგონი, ამის შესაძლებლობა მაინცდამაინც არ ექნება.
კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არცერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო. ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, ამ მდინარის აქეთ დგას ხუთი ახალი საგუშაგო და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, საგუშაგოებიც ისეთ ადგილას განლაგდა, რომ, მინიმუმ, ორი სოფელი, პრაქტიკულად, მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან, და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა: რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყი, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალიან მარტივია, მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას“.