საზოგადოება „ქართულის" განცხადება
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც რადიკალურად ცვლის ცილისწამებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს.
ეს არის არა მორიგი, რიგითი ინიციატივა, არამედ სერიოზული ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და საზოგადოების დამშვიდებისთვის.
წლების განმავლობაში ცილისწამების მანქანა, რომელიც შეფუთული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნეოლიბერალური მანტიით, სისტემურად აგენერირებდა საზოგადოებაში სიძულვილსა და ზიზღს, აპირისპირებდა საზოგადოებას და ყოფდა ერს , ანგრევდა ერთიან ეროვნულ ცნობიერებას.
ამ სქემაში ყველა მონაწილეს თავისი როლი აქვს: ე.წ. კრიტიკული მედიის საფარქვეშ მოქმედი ,,ნაციონალების" პროპაგანდისტული არხები, მათი რესპონდენტები, „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით თითხნიან ჭორებს და ცილისწამებას, რომელზეც მორიგეობით აკეთებენ კომენტარებს ოპოზიციონერები და ავითარებენ თემას.
შემდეგ პროცესში ერთვებიან გარედან მართული არასამთავრობოები, რომლებიც დასავლელი პატრონებისთვის ფუთავენ სიცრუეს და აწვდიან მათ ყალბ „ქეისებს“.
საბოლოო სტადიაზე საქმეში ჩნდებიან „დიფსთეითის“ წარმომადგენლები ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ან ვაშინგტონიდან, რომლებიც იღებენ რეზოლუციებსა და აქტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„წყაროს არდასახელება“ და „ჟურნალისტური საიდუმლოების“ უპირობო დაცვა იყო ის ბერკეტი, რომელსაც გარედან მართული რადიკალები აქტიურად იყენებდნენ საზოგადოების დეზორიენტაციისა და დაშინებისთვის.
თუ ფართო სურათს შევხედავთ ცხადი ხდება, რომ ცილისწამება, როგორც “სიტყვით მკვლელობა”(ილია ჭავჭავაძე), საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს, მათ უფლებებს და თავისუფლებებს, არამედ - ერის მთლიანობას და სახელმწიფოს სტაბილურობას.
ეს არის ნეოლიბერალური ინტერნაციონალის იარაღი — ერის გახლეჩვის, ავტორიტეტების დისკრედიტაციის, ღირებულებების დამახინჯებისა და ტოტალიტარული ლიბერალიზმის გასავრცელებლად.
ამიტომაც, ჩვენს პირველივე მიმართვაში (2024 წლის 14 აპრილს) ვთხოვეთ ხელისუფლებას, მიეღო ისეთი სამართლებრივი რეგულაციები ცილისწამებასთან, უხამსობასა და სიცრუის გავრცელებასთან დაკავშირებით, როგორიც მიღებულია ევროკავშირის წამყვან დემოკრატიებში.
დარწმუნებულები ვართ, რომ კანონს მოჰყვება კრიტიკა, როგორც შიდა, ისე საგარეო დონეზე — ქართული აგენტურა და მათი უცხოელი მფარველები მას „ანტიდემოკრატიულად“ მონათლავენ, წამოვა რეზოლუციებისა და განცხადებების ტალღა.
მათ შევახსენებთ: სწორედ დასავლურ ქვეყნებში მიჩნეულია ცილისწამება „წითელ ხაზად“, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია.
აშშ-ში ცილისწამება უმეტესად სამოქალაქო სამართლის სფეროა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ წარმოადგენს კრიმინალს. თუმცა ცილისმწამებელს ხშირად ეკისრება სოლიდური ფინანსური პასუხისმგებლობა, საჯარო ბოდიშისა და დეზინფორმაციის უარყოფის ვალდებულებით.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, განსხვავებით აშშ-სგან, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, მაგალითად : გერმანიაში განსაზღვრულია ჯარიმა, ან 1 წლამდე პატიმრობა (მედიით გავრცელების შემთხვევაში – 2 წელი); საფრანგეთში – ჯარიმა და/ან 1 წლამდე პატიმრობა; იტალიაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, განსაკუთრებით, თუ ის გავრცელდა მედიით; ესპანეთში – ჯარიმა, ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა.
ჩვენი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტით რეალურად ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.
ბოკერია-რამიშვილის კანონად წოდებული ეს სამართლებრივი პრინციპები დღემდე ეფექტურად ემსახურებოდა გარე ძალების ინტერესებს, რომელთა მიზანი გაცხადებულია: ქართული საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია,
ავტორიტეტების შეურაცხყოფა, ისტორიის და ეროვნული სიმბოლოების, ყოველივე იმის დისკრედიტაცია, რაც გვაერთიანებს.
სწორედ ამიტომ ნეოლიბერალური აგენტურა განსაკუთრებული სიმწვავით ესხმოდა და ესხმის თავს ეკლესიას და პატრიარქს, ავრცელებს ჭორებს ისტორიულ პიროვნებებზე, გმირებზე, სათაყვანებელ მეფეებსა, თუ მოღვაწეებზე.