352 ნახვა

თელავის რაიონი, სოფელი კისისხევის მისტიკა

საქართველოში მრავალი ადგილია ათასწლოვან მისტიკას რომ ინახავს, მათ შორის თელავის რაიონის სოფელი კისისხევი განსაკუთრებულია. აქ, მხოლოდ ერთ სოფელში, 63 ისტორიული კომპლექსია, ამას გარდა უძველესი ნაქალაქარიც; გოლგოთის გზის ზუსტი ასლი და ასევე ბერების გამოქვაბულები, ეკლესიებითა და სადგომებით, საიდანაც ზოგიერთში საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ფეხიც კი არ დადგმულა. ეს გასაკვირი არ არის, რომელი დამპყრობლის ხელში მოხერხდებოდა აქაურობის მოვლა-და შესწავლა?! თემურ ლენგის, შაჰ აბასის თუ რუსი იმპერატორების? ერთეული ქართველი მეცნიერები კი აქაურობის მოვლას ვერ ასწრებდნენ. კისისხევის თემაზე ისტორიის მკვლევარი და მხატვარი გია ლაფაურიც, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მუშაობს.

- ბატონო გია, დედამიწის ზურგზე არ მეგულება სოფელი, ამდენი ტაძარი, გამოქვაბული და ნაქალაქარი იყოს და მას სახელმწიფო განძად არ აღიარებდეს.

- საუბარია 63 ისტორიულ კომპლექსზე, რომელშიც შედის რამდენიმე ნაგებობა, გაცილებით მეტი ტყეებშია მიმალული. ამათგან ერთ-ერთი, VI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელ ორთოდოქსულ ტაძართა კატალოგშია შეტანილი. საუბედუროდ, ამ ტაძართა უმეტესობა აღდგენას არ ექვემდებარება, ან კი ვინ აღადგენს. იავარქმნის მიზეზი გაუთავებელი დამპყრობელი იყო. თემურ ლენგის შემოსევის შემდეგ სოფელი 3 საუკუნით ჩაკვდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან დაბრუნდა ხალხი ნელ-ნელა.

 

ავაშენებდით, მოვიდოდა გადამთიელი და ააოხრებდა. ჩემს ეზოშიც დგას რუსებისაგან კირით შებათქაშებული VI საუკუნის ტაძარი, რომლის ბათქაშის ქვეშ უძველესი ქართული ფრესკებია. სამწუხაროდ, მათ არც ახლა ჰყავს პატრონი, რადგან ფრესკების აღდგენას სპეციალისტი და ფული სჭირდება. დროდადრო ვახერხებ არქეოლოგ გიორგი ლაღაიშვილთან ერთად მუშაობას. როდესაც ანტიკური ნაგებობების ნაშთი აღმოვაჩინე, თითქოს აღარ ვფიქრობდი, რომ რაიმე უფრო ძველს მივაგნებდი. არადა, მოგვიანებით დაახლოებით 3500 წლის აბსიდიანის ისრის პირი ვნახე. კისისხევში უძველესი სავაჭრო გზა გადიოდა და შესაბამისად, მდიდრებიც იყვნენ და ძლიერებიც. სოფელი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, ამიტომაც აქაურები სოფელს ახლაც ქრისტეს საფლავის მიწას ეძახიან.

კისისხევი ინახავდა იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტერს. იერუსალიმიდან ბერ-მონაზვნებს გზავნიდნენ და მათთან ერთად აშენებდნენ აქაურობას. არსებობს ცნობები, რომ კისისხეველთა ქორწინებასაც კი იერუსალიმი აკურთხებდა.

განა მარტო ეკლესიები, გრანდიოზული და შეუსწავლელია ნაქალაქარის ნაშთები სოფელში, მასთან ერთად კი 83 გამოქვაბულია, რომელთაგან რამდენიმე ათეული ნგრევას ნაწილობრივაა გადარჩენილი, ზოგიერთში საუკუნეთა განმავლობაში ფეხიც არავის დაუდგამს. ზოგიერთში ბერთა სადგომები და ეკლესიებია შემორჩენილი. გარდა ამისა, უნიკალურია წყლის სისტემაც. დაახლოებით ისეთივე, როგორიც ვარძიაშია: აქაურობა თიხის მილების ნაშთითა დაქსელილი. ათეული წლების წინ კისისხეველებს სათავე წყლის გვირაბში კამეჩი ჩაუვარდათ, ცოცხალი რომ ვერ ამოიყვანეს, ამოჩეხეს, მერე გვირაბი ქვებით ამოავსეს, ნაცვლად იმისა, ამოეშენებინათ. თუმცა, იქ წყლის ხმა მიწისქვეშეთიდან ისევ ისმის.

კისისხევი ნამდვილად სასწაულია, მაგრამ ეს სახელმწიფოს უნდა ესმოდეს. წარმოიდგინეთ, აქ გოლგოთის გზის ასლიც არის აშენებული, რომელსაც ხალხი ქრისტეს ტვირთის გზას უწოდებს. ამ ადგილას 7 ტაძარია, ერთმანეთისაგან თითქოს იმდენად უშინაარსო და გაუგებარი მანძილით დაშორებული, რომ მიკვირდა, ნეტავ ასე რატომ ააშენეს-მეთქი, მაგრამ გერმანელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და ყველაფერი გაირკვა. ის ხალხი იერუსალიმში იყო ნამუშევარი და ერთი შეხედვით მიხვდნენ ყველაფერს, მითხრეს, აქაურობა იერუსალიმის გოლგოთის გზის ასლიაო. შემდეგ ლამის სანტიმეტრობით გაზომეს 7 ეკლესიას შორის მანძილი და ზუსტად დაემთხვა იერუსალიმში გოლგოთის გზაზე მდებარე 7 სიწმინდეს, რომლებიც იმ ადგილებშია, სადაც ნატანჯი ქრისტე ჩერდებოდა.

სოფლის განაპირას მთელი უბანია, რომელსაც "ილმა ჯვარი" ჰქვია. ეს არის ჯვარი, რომელსაც ტამპლიერთა ორდენი ატარებდა XII-XIV საუკუნეებში და რომლის დაბოლოებები შუაზეა გაკვეთილი. ტამპლიერთა ორდენი იერუსალიმში მიმავალი მომლოცველებისა და იერუსალიმში ქრისტეს საფლავის დასაცავად შეიქმნა.

ამ თემას შესწავლა სჭირდება. თუმცა თავადაც დააკავშირეთ: კისისხევზეც გადიოდა იერუსალიმში მიმავალთა გზა და ქართველებიც ქრისტიანები ვიყავით, ქრისტეს საფლავის დაცვა მუსლიმანთაგან ჩვენთვისაც წმინდათაწმინდა საქმე იყო. თუმცა ისტორიამ გვიმუხთლა და ევროპისაგან განსხვავებით, ჩვენი ძლიერება დაეცა.

სამწუხაროდ, იმედი ნაკლებად მაქვს. მხოლოდ სასწაულს ველოდები.

ავტორი: ეთერ ერაძე

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი