“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სტუმრად გადაცემაში - “აქტუალური თემა”:

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხუთ თვეში, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობს, ქართულმა საზოგადოებამ 2003-2012 წლებში არსებული ჯოჯოხეთური პროცესები დაჩქარებულად იხილა.

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნახა საზოგადოებამ. თუმცა ამ ხუთ თვეში წარმოდგენილი მასალა საკმარისია იმისთვის, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობდეს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ხუთი თვის თავზე დავწერთ დასკვნას, რომელიც პირდაპირი გაგებით ისტორიული იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში არცერთ აქამდე არსებულ პოლიტიკურ პროცესზე მსგავსი შეფასება არ გაკეთებულა, რაც ცუდია.

საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ დასკვნას და ამ დასკვნიდან გამომდინარე შედეგებს მომავალი თაობები, პოლიტიკოსები დახედავენ და ის უბედურებები აღარ განმეორდება, რაც„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს იყო. თავის დროზე, მაგალითად, 90-იანი წლებიც რომ ასე შეგვეფასებინა, შეიძლება ბევრი რამ ნაკლებად მომხდარიყო.

საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს.

არსებობს გარკვეული პროცედურები, რასაც ვერ გავექცევით. შესაბამისად, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნებამდე სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოესწრება. თუმცა, ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების საკითხია, მთავარი კი ისაა, რასაც საზოგადოება ამ დასკვნაში ნახავს.

რამდენიმე მიმართულება იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში და ყველა მათგანს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს”.

0 კომენტარები